სვანეთიდან ჩამოსვლიდან 19 დღე გავიდა უკვე და პირველ რიგში ცხრათავა შხარა მახსენდება. ის პირქუში იყო იმ დღესაც, ჩვენ რომ შევავლეთ თვალი. მეგობრებმა მითხრეს, ისეთი ძნელია დასაპყრობად, რომ ალპინისტები ერიდებიან - ფეხქვეშ იშლება მიწაო... მიჩნდება სურვილი, კიდევ ერთხელ გადავხედო იმ ქართველი თუ უცხოელი ალპინისტების ბიოგრაფიებს, რომლებიც ზღაპრის გმირებივით შეებნენ ცხრათავიან შხარას. ისე ვაღმერთებ, რომ ალპინისტების გაუგონარ სიმამაცეს ისევ შხარას მივაწერ, ალბათ მან ინება მთამსვლელთა გაკარება... ეხლა ვაფიქსირებ, რომ უშგულში, მესტიაში, კალაში, იფალში... სალოცავების სიწმინდეებით გაოგნებულს ლოცვა და თხოვნა მავიწყდებოდა. უნიკალუმრმა ხატებმა და ფრესკებმა ისე დამაბნია, ულოცველად გამოვდიოდი საყდრებიდან. მხოლოდ შხარასთან დავაწყვე რეალური თუ ირეაული სურვილები. აზრები დამილაგა? დავიჯერო, მისმა მხოლოდ ბუმბერაზობამ მიიპყრო ჩემი ყურადღება?
შხარა ღმერთივით იდგა მიუწვდომელი, ამოუწურავი, უსასრულო, პირქუში და სასტიკი, ამავე დროს მიმზიდველი, თავისი მაგნიტური ხიბლით... ბავშვობისდროინდელ ფილმებშიც,მახსოვს, იდუმალი სცენები ხშირად ნისლით იწყება. ნისლით დამეწყო შხარასადმი რომანიც...
ღმერთი ყველგანმყოფია, მაგრამ შხარას შემხედვარეს აზრი გამიჩნდა, რომ ღმერთი ადამიანებს სწორედ მწვერვალებისკენ უხმობს. დიახ, მწვერვალებისკენ. შხარა პირველი ქართული მწვერვალია, რომელსაც ასე ახლოს შევავლე თვალი. დოჩანაშვილის ,,მაშასადამეს” ვგავდი!...
შხარასკენ ასასვლელ გზას რომ გამოვყევით ლამარიას კომპლექსისკენ, წვიმა ცრიდა... არ დავსველდით და რომ მოვბრუნდით, ცისარტყელა ცდილობდა მთებისთვის დანატოვარი ჩვენი თხოვნების გამოდარებას. რომანტიულად დაგვშორდა შხარა და გვიმღერა რომანსი, სწორედაც რომანსი, ნისლიანი ფლირტული ტექსტით...
P.S. ... უშბას ერთ პლატოზე ასვლის ოცნებას მაინც არ მოუკლავს კაცი!


Комментариев нет:
Отправить комментарий