1801 წლიდან საქართველოში იცვლება რა პოლიტიკური სიტუაცია, ლეკები თარეშობენ - ისინი რუსეთის ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან და ბუნებრივია, არც თუშეთს აკლებენ ხელს. ქისტის ბელადი მურთაზი შემოდის და ფარსმის ციხეს გარშემოერტყმება. ხალხური გადმოცემით, მურთაზს - ჩაჩან-ინგუშთა ნაიბს დიდი ლაშქარი წამოუსხამს. მურთაზის ბრძანებით, ანგარიშისთვის, მოლაშქრეებს თითო ქვა აუღიათ და ერთ ადგილზე დაუყრიათ, რომლისგანაც მთელი გორა დამდგარა. მურთაზი ზარბაზნით მიდგომია ფარსმის ციხეს. თუშები ციხეში გამაგრებულან - ზარბაზანს ვერაფერი დაუკლია ციხისთვის. მაშინ მურთაზს ციხის სანგლით აფეთქება უბრძანებია. თუშებს ეს დროზე გაუგიათ და ერთ თუშის ქალს, კახოს თინას თავისი მანდილი ერბოში ამოუვლია, სანგალში გადაუგდია და ის აუფეთქებია... ჩქარა თავიანთი დროშებით ხევსურებიც გამოჩენილან... ხევსურეთის კოპალეს ფარსმის წმ. გიორგი მიჰგებებია. ამტყდარა ჭექა-ქუხილიც... მტერს შიშის ზარი დასცემია და გაქცეეულა. მურთაზისთვის თუშებს წაურთმევიათ ზარბაზანი, რომელიც დღეს ინახება სოფელ ჭეშოში და აქვს ასეთი არაბული წარწერა: ,,ამალი აჰმად” (აჰმადის საქმე ან ნაკეთები). უკან გაბრუნებისას, დამარცხებულ მურთაზს, ლაშქრის დანაკლისის გამოსარკვევად, სააღრიცხვოდ დაყრილი ქვის სათითაოდ აკრეფა უბრძანებია. ქვის ერთი მესამედი ქაჩუს გადასავალზე დღესაცაა დარჩენილი და მას მურთაზის გოხს (ქვას) ეძეხიან.


Комментариев нет:
Отправить комментарий