четверг, 22 сентября 2011 г.

პირამიდული კოშკების წარმომავალობა ჩვენში დღემდე გაურკვეველია


 საქართველოს მთიანეთის თავდაცვით ნაგებობებათა, კერძოდ, კოშკების აღწერილობის გენეზისის შესახებ არსებულმა მხოლოდ ფორმალისტურმა კვლევებმა გამოიწვია ის, რომ  დღემდე გაურკვეველია, პირამიდული,  ,,სიპედი”-ის ტიპის კოშკები ქისტურ-ჩეჩნური არქიტექტურის კუთვნილებაა თუ ქართველი ოსტატების მონაპოვარი. 
 საზოგადოებაში დღემდე მუსირებს აზრი, თითქოს  მსგავსი აგებულების კოშკების ავტორები სწორედ ქისტები არიან - ეს ნაგებობები ჩრდილოეთ კავკასიის ამ რეგიონში მრავლადაა და სტრუქტურით, აშენების ტექნიკით თითქმის ზუსტად იმეორებს ხევსურეთსა და თუშეთში აგებული ამავე ტიპის ნაგებობათა ფორმას.

                                        გირევის პირამიდულსახურავიანი კოშკი (მარჯვნივ)
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქისტები თავიანთი პირამიდული კოშკების მშენებლებად ქართველებს თვლიან, ხოლო ხევსურები ამავე აგებულების კოშკების ავტორებად ქისტებს მიიჩნევენ. თუშეთში ხალხური გადმოცემაც არსებობს, რომლის თანახმადაც ჭონთიოსა (სხვა ვერსიით ფარსმის) და გირევის ციხეები ქისტ მამა-შვილს აუშენებია. ,,ჭონთიოს ციხე მამას, შვილს კი გირევის ციხე აუგია. ჭონთიოელები ოსტატს კარგად კვებავდნენ - ერბო კარაქით. ციხის აგებისთვის ჭონთიელ ითურიძეებს მისთვის 60 ძროხა მიუციათ. ერთხელ შვილს მამისთვის შეუჩივლია: ,,შენ ჭონთიოელები ერბო-კარაქით გკვებავდნენ, მე კი გირეველები მარტო საჩხრეკაცს მაჭმევენ, ამიტომ უნდა ვუღალატოო”. მამამ როცა გაიგო, რომ გირეველები ხოტს ანუ ოსტატისთვის შეთავაზებულ საკვებზე უკეთესს არ მიირთმევდნენ, გაუჩერებია შვილი  და უთქვამს: ,,ხოტზე უკეთესი რომ თვითონ ეჭამათ, იმაზე უკეთესს შენ მოგართმევდნენო”.

ისტორიკოსი სერგი მაკალათია ეთანხმება რა რუსი მკვლევარის შჩებლიკინის მოსაზრებას, მიიჩნევს, რომ წინა საუკუნეებში, ჩრდილოეთის ქვეყნებზე საქართველოს პოლიტიკურ-კულტურული გავლენიდან გამომდინარე, კოშკების ეს ფორმა ქისტებში საქართველოდან უნდა გავრცელებულიყო. ,,მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ თუშეთში სახლის ამგები ოსტატები დიდოელები არიან, ძველად, კოშკოვანი სახლების აგება, თუშებსა და ხევსურებს საეჭვოა, რომ მოსისხლე მტრებისთვის დაეკვეთათ და მტრებს კი ასეთი მყარი ნაგებობები აეგოთო” - ასკვნის . მაკალათია. ყურადსაღებია ისიც, რომ პირამიდული ტიპის კოშკები დღესაც დაცულია ანანურის ციხის გალავანში და აგრეთვე ფშავში, სადაც საკულტო ნაგებობა - ხატის ნიში, ბეღელი, საზარე და სხვა, ასეთივე პირამიდული სახურავითაა გადახურული.

თავდაცვით ნაგებობებზე მომუშავე მკვლევარებიდან აღსანიშნავია ვინმე . მილერის მოსაზრება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ჩრდილოკავკასიური სიპედიანი კოშკების კედლებზე გამოსახულ ჯვრებზე და ჯვრებიან ფილებზე, რაც, შესაძლოა, კოშკების ქრისტიან, ქართველ მშენებლებზე მიუთითებდეს.

ასიოდე წლის უკან გამოთქმული აზრი, რომ სიპედიან კოშკებს ქართული წარმომავლობა აქვთ, ზოგიერთმა მკვლევარმა არც გაიზიარა, მაგრამ, არც ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს ვინმე. კოშკები, ისევე, როგორც საქართველოს თავდაცვითი სხვა ნაგებობები თითქმის შეუსწავლელია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფარსმელები ამგვარი კოშკების ავტორებად დღემდე ქისტესბს მიიჩნევენ. 2011 წლის ოქტომბერში, თუშეთის მონახულებისას, ჩვეთან საუბარში, ფარსმელმა ქააძებემაც ასევე გვითხრეს: ქისტები გადმოიოდნენ ჩვენსას და კოშკებს ისინი გვიშენებდნენო. 
     საინტერესოა, ჩრდილოკავკასიელი, ოდესღაც ჩვენი მოძმეები დღეს რას ფიქრობენ ამაზე?... სერგი მაკალათიას 1930-იანი წლების კვლევებში კი ნათქვამია, რომ ქისტეთში, პირამიდუსახურავიანი კოშკების მეშენებლებად სწორედ ქართველებს მიიჩნევდნენო.
     ჩვენდა უნებურად მე-14 საუკუნის ბოლო პერიოდს ვუბრუნდებით, თემურლენგის  ლაშქრობებს საქართველოში, რომლის მერეც, საქართველო ვერა, მაგრამ ქრისტიანი და ოდესღაც ჩვენი მეგობარი ჩრდილო კავკასია დედაბუდიანად გამაჰმადიანდა. ურთიერთნდობისა და სიყვარულის ლეგენდებმა კი, ამის მერე იკლო...
                                          პირამიდულსახურავიანი კოშკები დართლოში
თუშური, პირამიდულსახურავიანი ციხეები გავრცელებულია მხოლოდ პირიქითის ხეობაში დართლოდან მოყოლებული ნასოფლარ ჭონთიომდე. ეს ციხეები ნაშენია დუღაბით და შედარებით კარგადაა დაცული. დართლოში პირამიდული ორი ციხეა. ერთს იდოითეციხეს ეძახიან, მეორეს სასოფლო ციხეს და იგი სოფლის შუაშია. წინათ, შუას ნაჭაურიძეების ციხეს უწოდებდნენ, დღეს კი ნადირაანთ ციხეს ეძახიან. ნადირაანთ ციხე ოთხკუთხედია (4.40 x 4.40 .)
პირველი სართული - სარდაფია, სადაც ტყვეებს ამწყვდნევდნენ.
მეორე სართული - აქ ციხეში შესასვლელი ხის მაგარი კარია. აქედან მოძრავი კიბე შეჰქონდათ, აქაა მესამეზე ასასვლელი ერდო.
მესამე სართული - კვადრატული ოთახია, დატანებული აქვს სათოფურები, სარკმელი (აღმოსავლეთით). ჭერში აქვს ერდო.
მეოთხე სართული - დასავლეთში სარკმელია, დანარჩენ მხარეებზე სათოფურები. კარიბჭის კარზე წარწერაა: ,,ეს ციხე ბრატის აგებულია ხუტურის შვილისა” . ჭერი ხისაა, გამოჭრილი ერდოთი.
მეხუთხე სართული - სარკმელი სათოფურიანია. ჭერი ფიცრისაა, ერდოთი.
მეექვსე სართული - თაღიანია, ოთხივეზე გამოჭრილია განიერი სარკმელირომელიც მაღალთაღიანია, რომლის ქვეშ გამართულია დახურული ჩარდახი. ციხის სახურავი ნაგებია სიპი ფიქალით, რომლის საფეხურისებრი მიმართულება ჰქმნის პირამიდული გუმბათის ფორმას. პირველის გარდა, ყველა სართულზე მეკომურები იხიზნებოდნენ, მეექვსე საომრად იყო გამზადებული. აქვე იყვნენ მზვერავ-მეციხოვნენი.





Комментариев нет:

Отправить комментарий