კონსტრუქციითა და არქიტექტურული ფორმით თუშეთის საომარი ციხეები ორმაგი ტიპისაა.
პირველი თავისი ფორმით ოთხკუთხედია და სამ-ოთხ სართულიანი. დატანებული აქვს ოთხკუთხედად გამოჭრილი პატარა სათოფურები და ქვემო, ერთი შესავალი კარი სართულიდან. სახურავი ერთფერდიანია და ფიქალი ქვებითაა გადახურული.
(ომალოს კესელოს ციხე). მას აქვს მოედანი და აღმოსავლეთით მაღალი გალავანი... კედლის სისქე 60 სმ-ია, სიმაღლე 8-10 მ. ციხე დღეს ჩაქცეულია.
წინათ, ომალოს მოსახლეობა ამ ციხესთან ყოფილა შეჯგუფული, შემდეგ მოსახლეობა დაბლა ჩამოსულა, ვაკეზე. ხალხის გადმოცემით, შამილისა და ლეკიანობის დროს, მოსახლეობა ამ ციხეში იხიზნებოდა. ომალოს ტიპის ციხეს ჩარდახებიც აქვს მიშენებული, საიდანაც მტერს ,,გოხებს” (ქვებს) უშენდნენ. ასეთია ინდურთის სამი ციხე წოვათაში, რომელსაც ქვითკირის გალავანი აქვს. კედლის სისქე 1 მ-მდეა და მიშენებული აქვს ჩარდახი. ციხის ჩრდილოეთის მხარეზე ინდურთის წყლის მიმართულებით მიწის ქვეშ გაყვანილია დახურული გვირაბი, საიდანაც მეციხოვნეებს წყალი უზიდნიათ. გვირაბი დღეს ჩაქცეულია, მისი სიგრძე 120 მეტრს აღწევს. წოვათას ამ სამ იცხეს ქისტები მისდგომიან და ვერ გაუტეხიათ.
ომალოსა და ინდურთის ყაიდის ციხეები თუშეთში გავრცელებულია წაღმასა და გომეწრის თემში. ციხეები უმეტესად მშრალად და უდუღაბოდაა ნაგები, მაგრამ მტკიცეა და ფორმით სიმეტრიული.
,, წოვათას სამო ციხეო, მშვენივრად დგეხართ გორზეო,
ბევრი მოგთხოვენ ნატვრასა მტერთანა საომარშიო
მზის ამოსვლისი ხანზედა გადმოდგებ ქისტის ჯარიო,
წყალს გადმოვიდა ბელადი, სოფელს მოსთხაროს ძირიო...
გასწყვიტეს ქისტის ლაშქარი, მოამბედ დარჩა სამია,
სამთავ დააჭრეს მარჯვენა, გაგზავნეს დაღესტანშია”...
მეორე ტიპის თუშური საომარი ციხე პირამიდულსახურავიანია.

Комментариев нет:
Отправить комментарий