воскресенье, 25 сентября 2011 г.

თუში დილოიძის ხევსურული ,,ფრანგული”

როგორც მემატიანე გვიამბობს, ასპინძის ომში, 1770 წელს, ხევსურებთან ერთად თუშებიც იბრძვიან. თუშებში გმირობის სახელი მოუხვეჭიათ კოხიო ბობღიაშვილს, ნაკუდა ქიუზეშვილს, დილოიძეს... თუშური ამბების ძიებაში ამ უკანასკნელის - დილოიძის ისტორიას წავაწყდით. http://www.kvirispalitra.ge/history/9156-mefe-erekles-gmirebi.html

... ასპინძიდან წამოსულ გამარჯვებულ ჯარს წალკის სერზე შეუსვენია. ერეკლეს აქ უხმია დილოიძე და უთქვამს: ,,ჩემო თუშო, გულადობისთვის ეს ხეობა შენთვის მიჩუქნიაო”. დილოიძეს წალკის ბოძებაზე უარი უთქვამს და მის ნაცვლად ერეკლისთვის ხმალი უთხოვია. მეფეს ხევსურისთვის ხმლის წონა ოქრო მიუცია. ზემო ალვანში ეს ხმალი გაბო აბაშიძის სახლში ინახებოდა თურმე. მოხრილ ხმალს ერთ გვერდზე პირდაღებული ლომი ეხატა, მეორეზე კი - ჯვრიანი სფერო. ხევსურები დღესაც ნახულობენ ხმალს, ინტერესით ათვალირებენ, მის გამოსასყიდად დიდ საფასურსაც იძლევიან, თუმცა ხმლის ნამდვილობაში ეჭვი შეაქვთ, ხმალი თავისი ნაკეთობითა და ფორმით არ ჰგავს ხევსურულ ფრანგულასო.
წიგნში ,,ზნენი სამამაცონი”ავტორები: კ.ჭუმბურიძე, კ.ზარნაძე, ლ. კიკალიშვილი ხევსურული ფრანგულას წარმოშობის შესახებ საინტერესო მოსაზრებას ავითარებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ხევსურული ხმალი ქართულია და არა ევროპული. მათი აზრით, დამკვიდრებული სახელდებანი კრიტიკულ გადახედვას საჭიროებს. მაგალითად, ხმლის ერთი კატეგორია ჩვენში ,,ფრანგულად” მოიხსენიება (აქ საფრანგეთში ზოგადად ევროპა იგულისხმება). ამავე დროს კუთხურ მეტყველებაში ,,გაფრანგებული” (შედარებისთვის სიტყვა ,,გააფრაკებული”) გადრეკილს ნიშნავს. განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემების მქონე მებრძოლისათვის ნაკლებად ფიცხი ხმალი უფრო საიმედო უნდა ყოფილიყო, რათა გამეტებით ცემისას არ გატეხილიყო. ხმლის ჭედვის ოსტატებმა, ურთიერთგამომრიცხავი მახასიათებლების - სისალისა და პლასტიკურობის შერწყმის მიზნით, ხმლის შესანიშნავი ნიმუში შექმნეს. ამის დასტური უნდა იყოს შემდეგი სტრიქონი:
,,ივანეულის ფრანგულსა ქალაქს უშინჯავენ ფხასაო,
ბასრი ყოფილხარ ტიალო, იმით თუ სჭრიდი ძვალსაო.
სად არის შენი მჭედელი? ვეღარ იქამსა სხვასაო!”
ცხადია, ქალაქელები მთიდან ჩამოსულ კაცს მასობრივი წარმოების ევროპული ხმლის სადაურობას არ გამოჰკითხავდნენ.

  ,,საკუთარის კარგის გასხვისება საერთოდ გვახასიათებს, ხოლო რაც აშკარად ჩვენია, იმას უბრალოდ საუცხოოს ვეძახით. სწორედ ამ ხასიათს აღწერს აკაკი , ჩვენში რაც კარგია და მოსაწონი, უცხოურობას აბრალებენო და მაგალითად მოჰყავს თხილის სახეობა, რომელიც ჩვენს გარდა არსად ხარობს და მაინც ,,ბერძნულს” ეძახიან" (წიგნიდან ,,ზნენი სამამაცონი”.)

четверг, 22 сентября 2011 г.

ფარსმის ციხე და კახოს თინა



1801 წლიდან საქართველოში იცვლება რა პოლიტიკური სიტუაცია, ლეკები თარეშობენ - ისინი რუსეთის ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან და ბუნებრივია, არც თუშეთს აკლებენ ხელს. ქისტის ბელადი მურთაზი შემოდის და ფარსმის ციხეს გარშემოერტყმება. ხალხური გადმოცემით, მურთაზს - ჩაჩან-ინგუშთა ნაიბს დიდი ლაშქარი წამოუსხამს. მურთაზის ბრძანებით, ანგარიშისთვის, მოლაშქრეებს თითო ქვა აუღიათ და ერთ ადგილზე დაუყრიათ, რომლისგანაც მთელი გორა დამდგარა. მურთაზი ზარბაზნით მიდგომია ფარსმის ციხეს. თუშები ციხეში გამაგრებულან - ზარბაზანს ვერაფერი დაუკლია ციხისთვის. მაშინ მურთაზს ციხის სანგლით აფეთქება უბრძანებია. თუშებს ეს დროზე გაუგიათ და ერთ თუშის ქალს, კახოს თინას თავისი მანდილი ერბოში ამოუვლია, სანგალში გადაუგდია და ის აუფეთქებია... ჩქარა თავიანთი დროშებით ხევსურებიც გამოჩენილან... ხევსურეთის კოპალეს ფარსმის წმ. გიორგი  მიჰგებებია. ამტყდარა ჭექა-ქუხილიც... მტერს შიშის ზარი დასცემია და გაქცეეულა. მურთაზისთვის თუშებს წაურთმევიათ ზარბაზანი, რომელიც დღეს ინახება სოფელ ჭეშოში და აქვს ასეთი არაბული წარწერა: ,,ამალი აჰმად” (აჰმადის საქმე ან ნაკეთები). უკან გაბრუნებისას, დამარცხებულ მურთაზს, ლაშქრის დანაკლისის გამოსარკვევად, სააღრიცხვოდ დაყრილი ქვის სათითაოდ აკრეფა უბრძანებია. ქვის ერთი მესამედი ქაჩუს გადასავალზე დღესაცაა დარჩენილი და მას მურთაზის გოხს (ქვას) ეძეხიან.

პირამიდული კოშკების წარმომავალობა ჩვენში დღემდე გაურკვეველია


 საქართველოს მთიანეთის თავდაცვით ნაგებობებათა, კერძოდ, კოშკების აღწერილობის გენეზისის შესახებ არსებულმა მხოლოდ ფორმალისტურმა კვლევებმა გამოიწვია ის, რომ  დღემდე გაურკვეველია, პირამიდული,  ,,სიპედი”-ის ტიპის კოშკები ქისტურ-ჩეჩნური არქიტექტურის კუთვნილებაა თუ ქართველი ოსტატების მონაპოვარი. 
 საზოგადოებაში დღემდე მუსირებს აზრი, თითქოს  მსგავსი აგებულების კოშკების ავტორები სწორედ ქისტები არიან - ეს ნაგებობები ჩრდილოეთ კავკასიის ამ რეგიონში მრავლადაა და სტრუქტურით, აშენების ტექნიკით თითქმის ზუსტად იმეორებს ხევსურეთსა და თუშეთში აგებული ამავე ტიპის ნაგებობათა ფორმას.

                                        გირევის პირამიდულსახურავიანი კოშკი (მარჯვნივ)
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქისტები თავიანთი პირამიდული კოშკების მშენებლებად ქართველებს თვლიან, ხოლო ხევსურები ამავე აგებულების კოშკების ავტორებად ქისტებს მიიჩნევენ. თუშეთში ხალხური გადმოცემაც არსებობს, რომლის თანახმადაც ჭონთიოსა (სხვა ვერსიით ფარსმის) და გირევის ციხეები ქისტ მამა-შვილს აუშენებია. ,,ჭონთიოს ციხე მამას, შვილს კი გირევის ციხე აუგია. ჭონთიოელები ოსტატს კარგად კვებავდნენ - ერბო კარაქით. ციხის აგებისთვის ჭონთიელ ითურიძეებს მისთვის 60 ძროხა მიუციათ. ერთხელ შვილს მამისთვის შეუჩივლია: ,,შენ ჭონთიოელები ერბო-კარაქით გკვებავდნენ, მე კი გირეველები მარტო საჩხრეკაცს მაჭმევენ, ამიტომ უნდა ვუღალატოო”. მამამ როცა გაიგო, რომ გირეველები ხოტს ანუ ოსტატისთვის შეთავაზებულ საკვებზე უკეთესს არ მიირთმევდნენ, გაუჩერებია შვილი  და უთქვამს: ,,ხოტზე უკეთესი რომ თვითონ ეჭამათ, იმაზე უკეთესს შენ მოგართმევდნენო”.

ისტორიკოსი სერგი მაკალათია ეთანხმება რა რუსი მკვლევარის შჩებლიკინის მოსაზრებას, მიიჩნევს, რომ წინა საუკუნეებში, ჩრდილოეთის ქვეყნებზე საქართველოს პოლიტიკურ-კულტურული გავლენიდან გამომდინარე, კოშკების ეს ფორმა ქისტებში საქართველოდან უნდა გავრცელებულიყო. ,,მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ თუშეთში სახლის ამგები ოსტატები დიდოელები არიან, ძველად, კოშკოვანი სახლების აგება, თუშებსა და ხევსურებს საეჭვოა, რომ მოსისხლე მტრებისთვის დაეკვეთათ და მტრებს კი ასეთი მყარი ნაგებობები აეგოთო” - ასკვნის . მაკალათია. ყურადსაღებია ისიც, რომ პირამიდული ტიპის კოშკები დღესაც დაცულია ანანურის ციხის გალავანში და აგრეთვე ფშავში, სადაც საკულტო ნაგებობა - ხატის ნიში, ბეღელი, საზარე და სხვა, ასეთივე პირამიდული სახურავითაა გადახურული.

თავდაცვით ნაგებობებზე მომუშავე მკვლევარებიდან აღსანიშნავია ვინმე . მილერის მოსაზრება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ჩრდილოკავკასიური სიპედიანი კოშკების კედლებზე გამოსახულ ჯვრებზე და ჯვრებიან ფილებზე, რაც, შესაძლოა, კოშკების ქრისტიან, ქართველ მშენებლებზე მიუთითებდეს.

ასიოდე წლის უკან გამოთქმული აზრი, რომ სიპედიან კოშკებს ქართული წარმომავლობა აქვთ, ზოგიერთმა მკვლევარმა არც გაიზიარა, მაგრამ, არც ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს ვინმე. კოშკები, ისევე, როგორც საქართველოს თავდაცვითი სხვა ნაგებობები თითქმის შეუსწავლელია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფარსმელები ამგვარი კოშკების ავტორებად დღემდე ქისტესბს მიიჩნევენ. 2011 წლის ოქტომბერში, თუშეთის მონახულებისას, ჩვეთან საუბარში, ფარსმელმა ქააძებემაც ასევე გვითხრეს: ქისტები გადმოიოდნენ ჩვენსას და კოშკებს ისინი გვიშენებდნენო. 
     საინტერესოა, ჩრდილოკავკასიელი, ოდესღაც ჩვენი მოძმეები დღეს რას ფიქრობენ ამაზე?... სერგი მაკალათიას 1930-იანი წლების კვლევებში კი ნათქვამია, რომ ქისტეთში, პირამიდუსახურავიანი კოშკების მეშენებლებად სწორედ ქართველებს მიიჩნევდნენო.
     ჩვენდა უნებურად მე-14 საუკუნის ბოლო პერიოდს ვუბრუნდებით, თემურლენგის  ლაშქრობებს საქართველოში, რომლის მერეც, საქართველო ვერა, მაგრამ ქრისტიანი და ოდესღაც ჩვენი მეგობარი ჩრდილო კავკასია დედაბუდიანად გამაჰმადიანდა. ურთიერთნდობისა და სიყვარულის ლეგენდებმა კი, ამის მერე იკლო...
                                          პირამიდულსახურავიანი კოშკები დართლოში
თუშური, პირამიდულსახურავიანი ციხეები გავრცელებულია მხოლოდ პირიქითის ხეობაში დართლოდან მოყოლებული ნასოფლარ ჭონთიომდე. ეს ციხეები ნაშენია დუღაბით და შედარებით კარგადაა დაცული. დართლოში პირამიდული ორი ციხეა. ერთს იდოითეციხეს ეძახიან, მეორეს სასოფლო ციხეს და იგი სოფლის შუაშია. წინათ, შუას ნაჭაურიძეების ციხეს უწოდებდნენ, დღეს კი ნადირაანთ ციხეს ეძახიან. ნადირაანთ ციხე ოთხკუთხედია (4.40 x 4.40 .)
პირველი სართული - სარდაფია, სადაც ტყვეებს ამწყვდნევდნენ.
მეორე სართული - აქ ციხეში შესასვლელი ხის მაგარი კარია. აქედან მოძრავი კიბე შეჰქონდათ, აქაა მესამეზე ასასვლელი ერდო.
მესამე სართული - კვადრატული ოთახია, დატანებული აქვს სათოფურები, სარკმელი (აღმოსავლეთით). ჭერში აქვს ერდო.
მეოთხე სართული - დასავლეთში სარკმელია, დანარჩენ მხარეებზე სათოფურები. კარიბჭის კარზე წარწერაა: ,,ეს ციხე ბრატის აგებულია ხუტურის შვილისა” . ჭერი ხისაა, გამოჭრილი ერდოთი.
მეხუთხე სართული - სარკმელი სათოფურიანია. ჭერი ფიცრისაა, ერდოთი.
მეექვსე სართული - თაღიანია, ოთხივეზე გამოჭრილია განიერი სარკმელირომელიც მაღალთაღიანია, რომლის ქვეშ გამართულია დახურული ჩარდახი. ციხის სახურავი ნაგებია სიპი ფიქალით, რომლის საფეხურისებრი მიმართულება ჰქმნის პირამიდული გუმბათის ფორმას. პირველის გარდა, ყველა სართულზე მეკომურები იხიზნებოდნენ, მეექვსე საომრად იყო გამზადებული. აქვე იყვნენ მზვერავ-მეციხოვნენი.





ომალოს კესელოს ციხე


კონსტრუქციითა და არქიტექტურული ფორმით თუშეთის საომარი ციხეები ორმაგი ტიპისაა.

პირველი თავისი ფორმით ოთხკუთხედია და სამ-ოთხ სართულიანი. დატანებული აქვს ოთხკუთხედად გამოჭრილი პატარა სათოფურები და ქვემო, ერთი შესავალი კარი სართულიდან. სახურავი ერთფერდიანია და ფიქალი ქვებითაა გადახურული.

(ომალოს კესელოს ციხე). მას აქვს მოედანი და აღმოსავლეთით მაღალი გალავანი... კედლის სისქე 60 სმ-ია, სიმაღლე 8-10 . ციხე დღეს ჩაქცეულია.
წინათ, ომალოს მოსახლეობა ამ ციხესთან ყოფილა შეჯგუფული, შემდეგ მოსახლეობა დაბლა ჩამოსულა, ვაკეზე. ხალხის გადმოცემით, შამილისა და ლეკიანობის დროს, მოსახლეობა ამ ციხეში იხიზნებოდა. ომალოს ტიპის ციხეს ჩარდახებიც აქვს მიშენებული, საიდანაც მტერს ,,გოხებს” (ქვებს) უშენდნენასეთია ინდურთის სამი ციხე წოვათაში, რომელსაც ქვითკირის გალავანი აქვს. კედლის სისქე 1 -მდეა და მიშენებული აქვს ჩარდახი. ციხის ჩრდილოეთის მხარეზე ინდურთის წყლის მიმართულებით მიწის ქვეშ გაყვანილია დახურული გვირაბი, საიდანაც მეციხოვნეებს წყალი უზიდნიათ. გვირაბი დღეს ჩაქცეულია, მისი სიგრძე 120 მეტრს აღწევს. წოვათას ამ სამ იცხეს ქისტები მისდგომიან და ვერ გაუტეხიათ.
ომალოსა და ინდურთის ყაიდის ციხეები თუშეთში გავრცელებულია წაღმასა და გომეწრის თემში. ციხეები უმეტესად მშრალად და უდუღაბოდაა ნაგები, მაგრამ მტკიცეა და ფორმით სიმეტრიული.
,, წოვათას სამო ციხეო, მშვენივრად დგეხართ გორზეო,
ბევრი მოგთხოვენ ნატვრასა მტერთანა საომარშიო
მზის ამოსვლისი ხანზედა გადმოდგებ ქისტის ჯარიო,
წყალს გადმოვიდა ბელადი, სოფელს მოსთხაროს ძირიო...
გასწყვიტეს ქისტის ლაშქარი, მოამბედ დარჩა სამია,
სამთავ დააჭრეს მარჯვენა, გაგზავნეს დაღესტანშია”...
მეორე ტიპის თუშური საომარი ციხე პირამიდულსახურავიანია.