როგორც მემატიანე გვიამბობს, ასპინძის ომში, 1770 წელს, ხევსურებთან ერთად თუშებიც იბრძვიან. თუშებში გმირობის სახელი მოუხვეჭიათ კოხიო ბობღიაშვილს, ნაკუდა ქიუზეშვილს, დილოიძეს... თუშური ამბების ძიებაში ამ უკანასკნელის - დილოიძის ისტორიას წავაწყდით. http://www.kvirispalitra.ge/history/9156-mefe-erekles-gmirebi.html
... ასპინძიდან წამოსულ გამარჯვებულ ჯარს წალკის სერზე შეუსვენია. ერეკლეს აქ უხმია დილოიძე და უთქვამს: ,,ჩემო თუშო, გულადობისთვის ეს ხეობა შენთვის მიჩუქნიაო”. დილოიძეს წალკის ბოძებაზე უარი უთქვამს და მის ნაცვლად ერეკლისთვის ხმალი უთხოვია. მეფეს ხევსურისთვის ხმლის წონა ოქრო მიუცია. ზემო ალვანში ეს ხმალი გაბო აბაშიძის სახლში ინახებოდა თურმე. მოხრილ ხმალს ერთ გვერდზე პირდაღებული ლომი ეხატა, მეორეზე კი - ჯვრიანი სფერო. ხევსურები დღესაც ნახულობენ ხმალს, ინტერესით ათვალირებენ, მის გამოსასყიდად დიდ საფასურსაც იძლევიან, თუმცა ხმლის ნამდვილობაში ეჭვი შეაქვთ, ხმალი თავისი ნაკეთობითა და ფორმით არ ჰგავს ხევსურულ ფრანგულასო.
წიგნში ,,ზნენი სამამაცონი”ავტორები: კ.ჭუმბურიძე, კ.ზარნაძე, ლ. კიკალიშვილი ხევსურული ფრანგულას წარმოშობის შესახებ საინტერესო მოსაზრებას ავითარებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ხევსურული ხმალი ქართულია და არა ევროპული. მათი აზრით, დამკვიდრებული სახელდებანი კრიტიკულ გადახედვას საჭიროებს. მაგალითად, ხმლის ერთი კატეგორია ჩვენში ,,ფრანგულად” მოიხსენიება (აქ საფრანგეთში ზოგადად ევროპა იგულისხმება). ამავე დროს კუთხურ მეტყველებაში ,,გაფრანგებული” (შედარებისთვის სიტყვა ,,გააფრაკებული”) გადრეკილს ნიშნავს. განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემების მქონე მებრძოლისათვის ნაკლებად ფიცხი ხმალი უფრო საიმედო უნდა ყოფილიყო, რათა გამეტებით ცემისას არ გატეხილიყო. ხმლის ჭედვის ოსტატებმა, ურთიერთგამომრიცხავი მახასიათებლების - სისალისა და პლასტიკურობის შერწყმის მიზნით, ხმლის შესანიშნავი ნიმუში შექმნეს. ამის დასტური უნდა იყოს შემდეგი სტრიქონი:
,,ივანეულის ფრანგულსა ქალაქს უშინჯავენ ფხასაო,
ბასრი ყოფილხარ ტიალო, იმით თუ სჭრიდი ძვალსაო.
სად არის შენი მჭედელი? ვეღარ იქამსა სხვასაო!”
ცხადია, ქალაქელები მთიდან ჩამოსულ კაცს მასობრივი წარმოების ევროპული ხმლის სადაურობას არ გამოჰკითხავდნენ.
,,საკუთარის კარგის გასხვისება საერთოდ გვახასიათებს, ხოლო რაც აშკარად ჩვენია, იმას უბრალოდ საუცხოოს ვეძახით. სწორედ ამ ხასიათს აღწერს აკაკი , ჩვენში რაც კარგია და მოსაწონი, უცხოურობას აბრალებენო და მაგალითად მოჰყავს თხილის სახეობა, რომელიც ჩვენს გარდა არსად ხარობს და მაინც ,,ბერძნულს” ეძახიან" (წიგნიდან ,,ზნენი სამამაცონი”.)

დილოიძე ჩემი წინაპარი იყო. ბებიაჩემი ელენე დილოიძეების ქალი იყო. მადლობა ავტორს. 🔥🔥♥️🇬🇪✊
ОтветитьУдалить